ახალი კანონის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლება უფლებამოსილია გათიშოს რუსი ინტერნეტ მომხმარებლები გლობალური ქსელიდან. პრესის თავისუფლების ადვოკატირების ჯგუფი “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) ამ კანონს უწოდებს “სახიფათო ნაბიჯს” ციფრული კომუნიკაციების სრულყოფილი კონტროლისა და მონიტორინგისკენ.
“სუვერენული ინტერნეტის” კანონის თანახმად, რომელიც ძალაში 1 ნოემბერს შევიდა, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია იზოლირებული გახადოს ქვეყანა გლობალური ინტერნეტისგან. კრემლში აცხადებენ, რომ კანონი მიზნად ისახავს რუსული ქსელის გამართულად ფუნქციონირებას კრიზისის ან უცხო ქვეყნების მხრიდან შეტევების შემთხვევაში.
ციფრული თავისუფლების აქტივისტური ჯგუფები აცხადებენ, რომ კანონი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაბლოკოს კონტენტი საზოგადოებისთვის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თუ რა შინაარსის კონტენტი იბლოკება და რა მიზეზების გამო.
”ეს არის იმის მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მზადაა მთელი ქსელის ინფრასტრუქტურა შეიტანოს პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, რათა საჭიროებისამებრ შეწყვიტოს ციფრული ინფორმაციის ნაკადის მიწოდება”, – განაცხადა Christian Mihr-მა, RSF გერმანიის აღმასრულებელმა დირექტორმა. ”მაშინაც კი, თუ ახალი რეგულაციები არ იქნება სრულად განხორციელებადი, ჩანს თუ რამხელა საფრთხე ემუქრება ინტერნეტ თავისუფლებას რუსეთში” – აღნიშნა Mihr-მა.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა “კანონს სუვერენული ინტერნეტის შესახებ”, რომლის წინააღმდეგ გაზაფხულზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.
ამ კანონის შესასრულებლად, ბიუჯეტში მომავალი 3 წლისთვის 1.8 მილიარდი რუბლია გათვალისწინებული.
ტექნიკური პრობლემები
კანონი დამატებით ითვალისწინებს დამოუკიდებელი რუსული დომენური სახელის სისტემის შექმნას (DNS), რომელიც ძალაში შევა 2021 წლის იანვარში. ეს ნიშნავს იმას, რომ ინტერნეტ-პროვაიდერები ვალდებულები იქნებიან გამოიყენონ ეროვნული DNS, ხოლო რუსი მომხმარებლები მეტად ვეღარ განსაზღვრავენ რომელ ვებგვერდზე იქნებიან, როდესაც ისინი შევლენ რომელიმე მისამართზე, რადგან სახელმწიფო შეძლებს მათ ყალბ ვებ-გვერდებზე გადამისამართებას.
ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ტექნიკურად განხორციელებადი რუსული ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ინტერნეტ-იზოლაცია. სხვა საკითხებთან ერთად, ეს მოითხოვს ყველა რუსი პროვაიდერისა და სხვა სერვისის მიმწოდებლების მხრიდან „ღრმა ინსპექტირების“ (Deep packet inspection – DPI) ტექნოლოგიის დამონტაჟებას, რომელიც საშუალებას მისცემს ინტერნეტის მარეგულირებელ სააგენტო Roskomnadzor-ს აუცილებლობის შემთხვევაში გაფილტროს და დაბლოკოს მონაცემთა ტრეფიკი. ჯერჯერობით, ინტერნეტ სერვისის მომწოდებლების უმეტესობას არ აქვს ეს ტექნოლოგია.
კანონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება ის, რომ იგი უზრუნველყოფს ქსელის ცენტრალიზებულ მართვას: მომავალში ინტერნეტ პროვაიდერები ვეღარ იქნებიან პასუხისმგებელნი მონაცემთა ტრეფიკის კონტროლზე და ფილტრაციაზე, ამაზე სადაზვერვო სამსახურები და მედიის ზედამხედველობის ორგანოები იზრუნებენ. ამ გზით, მთავრობა იმედოვნებს, რომ შეძლებს აკრძალული კონტენტის დაბლოკვას უფრო ეფექტურად, ვიდრე ადრე. არსებობს მოსაზრებაც, რომ რუსეთს ჩინეთის Great Firewall-ის მსგავსი ჩაკეტილი ინტერნეტ სივრცის შექმნა სურს.
რუსეთის ბიზნეს ასოციაციამ, “რუს მრეწველთა და მეწარმეთა კავშირმა”, განაცხადა, რომ კანონმა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთში საკომუნიკაციო ქსელების “კატასტროფული უკმარისობა”.
ასევე, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რთული იქნება რუსეთის განცალკევება უცხოური სერვერებისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან განახორციელონ რუსული კორპორაციების საქმიანი ტრანზაქციების უმეტესობა.
ახალი ამბების პორტალ RBC- ის თანახმად, “რუნეტის” თავდაპირველი ტესტირება ჩატარდება ურალის ადმინისტრაციულ რეგიონში წლის ბოლომდე. ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული, “დიდი ოთხი” სატელეკომუნიკაციო კომპანია – Rostelecom, MTS, Megafon და Vimpelcom – ასევე რამდენიმე მცირე პროვაიდერი, აღჭურვილები არიან საჭირო მოწყობილობებით და ტესტავენ მათ გარკვეული ინტერვალებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ტესტები თავდაპირველად მხოლოდ ფიქსირებული ქსელის კავშირებს ეხება და გამორიცხავს მობილურ ინტერნეტს.
პრესის თავისუფლების რეიტინგში, RSF- ის მიხედვით, რუსეთი 180 ქვეყანას შორის 149-ე ადგილს იკავებს.