პროპაგანდა – დიდი რაოდენობის ადამიანების რაიმეში დარწმუნების ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელსაც ხშირად მოჰყვება პოლიტიკური სარგებელი. პროპაგანდისა და ინფორმაციული ომის ერთ-ერთი ყველაზე ახალი და ფართომასშტაბიანი შემთხვევა აშშ-ს უახლესი არჩევნები იყო, სადაც ყალბი სიახლეებისა (fake news) და ორგანიზებული ტროლინგის მასშტაბებმა იმ დონეს მიაღწია, რომ უკვე შეუძლებელი გახდა მტყუანისა და მართლის გარჩევა.
თუმცა მოცემული პოსტი არ იქნება პროპაგანდისტული მეთოდების ეთიკურობის განხილვა. ამის მაგივრად, ჩვენ გვინდა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გიჩვენოთ, თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა XXI საუკუნის პრაქტიკაში. ყველასათვის ცნობილია, რომ სადაზვერვო სამსახურები პროპაგანდას დიდი ხანია იყენებენ და მას სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ: ინფორმაციული ომი, პოლიტიკური გავლენის ოპერაციები, დეზინფორმაცია, ფსიქოლოგიური ომი… სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება თუ განხილვას სახელმწიფო დონის პროპაგანდით დავიწყებთ.
რუსეთი: აუცილებელი სულაც არ არის მართალი იყო, ან თანმიმდევრული
რუსეთს დეზინფორმაციის დიდი ისტორია გააჩნია და ბუნებრივია, ინტერნეტის ერაში, მასებზე გავლენის მეთოდებმა მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. თანამედროვე რუსული „სიცრუის მანქანის“ ტექნიკა მოიცავს სხვადასხვაგვარი ინფორმაციის შემცველი მესიჯების გავრცელებას დიდი ოდენობით სხვადასხვა პროფილის არხების მეშვეობით – დაწყებული ცნობილი სახელმწიფო წყაროებით (მაგ. Russia Today) და დამთავრებული ჰაკერული თავდასხმების შედეგად მოპოვებული მონაცემების ფარული გაჟონვით ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ წყაროებში (მაგ. wikileaks).
ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის თანახმად, თუ სხვა ყველაფერი იდენტურია, მაშინ მრავალი წყაროდან მიღებული დიდი მოცულობის ინფორმაცია უფრო მეტად დამაჯერებელი ჩანს და ხალხი მას სარწმუნოდ მიიჩნევს. მაშასადამე, რაოდენობას საკუთარი ხარისხი გააჩნია. მოცულობით ინფორმაციას სხვა უპირატესობებიც აქვს:
- პირველი, რომ დიდი ოდენობით ინფორმაცია მთლიანად იპყრობს პოტენციური აუდიენციის ყურადღებას და არ ტოვებს ადგილს საწინააღმდეგო ცნობებისთვის. შედეგად, საწინააღმდეგო ინფორმაცია მასებისთვის შეუმჩნეველი რჩება.
- მეორე – დიდი მოცულობის ინფორმაციას შეუძლია რაოდენობრივად დაჯაბნოს სიმართლე და მოიმხროს მასები.
- მესამე – მრავალი არხის გამოყენება არსებითად ზრდის სამიზნე აუდიენციაზე შესაბამისი მესიჯის გავლენას.
- მეოთხე – მრავალი წყაროდან, სხვადასხვა საშუალებით მიღებული ინფორმაცია ზრდის საიმედოობისა და უტყუარობის ხარისხს.
თანამედროვე რუსული პროპაგანდა არ არის სიმართლეზე ორიენტირებული, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ტყუილია. რუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციებში სიმართლეს თავისი ადგილი უჭირავს – სიმართლეს შერეული ტყუილი, უფრო მეტად მართალი ჩანს. არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც მთელი პროპაგანდა ერთი დიდი ფაბრიკაციაა. რუსული პროპაგანდისტული მანქანა, ხშირად ინფორმაციის გაყალბებასთან ერთად, წყაროების გაყალბებასაც ეწევა. ამის მაგალითად გამოდგება 2014 წელს ლუიზიანაში არსებული ქიმიკატების საწარმოს შემთხვევა, როდესაც სოციალური მედიის საშუალებით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქიმიკატების საწარმო აფეთქდა – twitter-ზე დაიდო „დამადასტურებელი“ ფოტომასალა, ვიკიპედიაზე შეიქმნა შესაბამისი გვერდი, რომელიც აღწერდა ამ მოვლენას, იუტუბზე დაიდო ვიდეო, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია ISIS პასუხისმგებლობას იღებდა ამ აფეთქებაზე და ბოლოს, მოსახლეობას მობილური მესიჯებიც კი ეგზავნებოდა, სადაც აღნიშნული იყო რომ ეს აფეთქება ქიმიურ საფრთხეს ქმნიდა.
საოცარი ის არის, რომ წყარო, ნდობას მაშინაც კი არ კარგავს, როდესაც ხშირად ეწევა ტყუილების გავრცელებას და ზოგჯერ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება. ნდობის დაკარგვის კომპენსირებას ახდენს რამდენიმე ფაქტორი:
- მრავალი არხის ეფექტი – სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული არაერთი არგუმენტი უფრო მეტად დამაჯერებელია, ვიდრე ერთი წყაროს მიერ გავრცელებული ბევრი მტკიცებულება ან ბევრი წყაროს მიერ გავრცელებული 1 კონკრეტული მტკიცებულება.
- სხვადასხვა გავლენის მქონე პირი, წყარო ან ორგანიზაცია ავრცელებს პროპაგანდისტულ აზრებს და ამ გავლენის მეშვეობით ხალხს უქმნის კონკრეტული წყაროს საიმედოობის, სანდოობისა და ლეგიტიმურობის ილუზიას.
თუ კი საკმარისი რაოდენობის ხალხი იმეორებს რაიმეს, ძნელია მისი მცდარობა მასებს გააგებინო. რაიმე მესიჯის მცდარობის მტკიცება, იშვიათად თუ იძლევა თუნდაც მცირე შედეგს. უფრო მეტად მომგებიანია სამიზნე აუდიტორიასთან პირველმა დაამყარო კონტაქტი და შესთავაზო ალტერნატივა. ფაქტების გადამოწმება, მაინცდამაინც ეფექტური არ არის, რადგან დროს მოითხოვს და როცა ფაქტის მცდარობა დასტურდება, იმ მომენტისთვის ეს ფაქტი უკვე აღარავის აინტერესებს. არსებითი მნიშვნელობისაა, სამიზნე აუდიტორია წინასწარ გავაფრთხილოთ სავარაუდო დეზინფორმაციაზე ან პირველებმა შევთავაზოთ მათ სიმართლე.
ჩინეთი: არ ეკამათო, გადაიტანე ყურადღება და გაანადგურე თემა
ჩინეთი ცნობილია თავისი ცენზურით ინტერნეტსა და საკომუნიკაციო ქსელზე. გარი კინგის, ჯენიფერ პანისა და მარგარეტ რობერტსის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გარდა იმისა, რომ ჩინეთი აქტიურად აკონტროლებს სოციალურ მედიას, ჩინეთის მთავრობას დაქირავებული ჰყავს 2 მილიონამდე ინტერნეტ მომხმარებელი, რომელიც ინსტრუქტაჟის შესაბამისად წერენ სათანადო კომენტარებს და ამრიგად აყალიბებენ და მართავენ საზოგადოებრივ აზრს. კვლევა ემყარება ინტერნეტში გაჟონილ სამთავრობო იმეილებს, სადაც კომენტატორები ანგარიშს აბარებენ შესრულებული სამუშაოს თაობაზე. ამ მეილების შესწავლამ მკვლევართა ჯგუფს საშუალება მისცა, შეექმნათ სპეციალური მოდელი, რომელიც მაღალი სიზუსტით ადგენს იმ პოსტებს, რომელიც სამთავრობო PR-ის ნაწილია.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ რას აკომენტარებენ ეს დაქირავებული კომენტატორები. როგორც გამოქვეყნებულ ნაშრომშია ნათქვამი, ჩინეთის მთავრობა წელიწადში 448 მილიონი კომენტარის ფაბრიკაციას ახდენს. კომენტატორები ყველანაირად ცდილობენ აირიდონ კამათი სკეპტიკოსებთან და არასოდეს იპაექრონ მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ სტრატეგიის მიზანია რეგულარულად მოახდინონ ხალხის ყურადღების გადატანა და შეცვალონ თემა. ისინი ხშირად ადიდებენ ჩინეთს, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და რეჟიმის სხვადასხვა სიმბოლოებს.
სურათზე თქვენ ხედავთ პროპორციებს არგუმენტირებულ, არაარგუმენტირებულ, ფაქტებით დადასტურებულ და მთავრობის მადიდებელ (cheerleading) კომენტარებს შორის.
როგორც ხედავთ, ჩინეთი მისთვის საჭირო შედეგს იღებს ისე, რომ კამათიც კი არ უწევს, არა თუ მტკიცებულებების მოყვანა. მონაცემები აჩვენებს, რომ რეალურად საჭირო სულაც არ არის კრიტიკოსებთან პაექრობაში ჩაერთო იმისთვის, რომ ხალხს შენი მესიჯი გააგებინო, ან არასაჭირო ინფორმაციიდან ყურადღება გადაატანინო. მკვლევარების აზრით, ამგვარი პროპაგანდის გასამკლავებლად საჭიროა კარგად ორგანიზებული თვალსაჩინო წინააღმდეგობა. „გადით ქუჩაში და ააგორეთ ისეთი კამპანია, რომ სხვაზე ვერაფერზე ილაპარაკონ“. თუმცა აქ გასათვალისწინებელია უკანასკნელი ექსპერიმენტებით დადასტურებული ფაქტი, რომ ძალადობრივი და ექსტრემალური საპროტესტო ტაქტიკა უკუეფექტს იწვევს.
რაიან ჰოლიდეი: ყურადღება ნებისმიერ ფასად
რაიან ჰოლიდეი არის ავტორი მედიის მანიპულირების წიგნისა – „მერწმუნე, გატყუებ“, სადაც აღწერილი აქვს მანიპულირების არაერთი სტრატეგია.
რაიან ჰოლიდეი აწარმოებდა მარკეტინგულ კამპანიას ბლოგერ ტაკერ მაქსისთვის, რომელმაც მცირე ბიუჯეტით დაწერა წიგნი და გადაიღო ფილმი. ახლა კი ხალხის ყურადღების მიქცევა სჭირდებოდა. აი რას წერს რაიან ჰოლიდეი ტაკერ მაქსის კამპანიის შესახებ:
„იმისთვის რომ ახალგაზრდა ადამიანს აიძულო ფილმი ნახოს, საუკეთესო საშუალებაა დაარწმუნო, რომ ამ ფილმის ნახვა აკრძალულია. ამ მეთოდის გამოყენებას შედეგად ის მოჰყვა რომ ტაკერ მაქსის წიგნი – „იმედი მაქვს ჯოჯოხეთში ლუდი ექნებათ“ – New York Times-ის ბესთსელერების პირველ ნომრად იქცა.
“ეს იყო მასობრივი ტროლინგის შესანიშნავი შემთხვევა. იმ აქტივისტებს, კამპუსებსა და კლუბებს, რომლებიც მაქსის ფილმს უჩვენებდნენ ვუგზავნიდით ცუდი შინაარსის მეილებს და ვაგორებდით პროტესტის ტალღას. ონლაინ მედია კომპანია Gawker Media-ს გავუგზავნეთ ყალბი ინფორმაციები, რომელიც მათ კარგად გადაღეჭეს. ფეისბუქზე შევქმენით ბოიკოტის ჯგუფი, სადაც ათასობით წევრი გაერთიანდა. სპეციალურად ვქმნიდით გამაღიზიანებელი შინაარსის რეკლამებს და ვათავსებდით მათ ვებსაიტებზე, სადაც სტატიებს კამათის მოყვარული რეპორტიორები წერდნენ. ბოლო ჩვენივე ბილბორდების ვანდალიზმს მივყავით ხელი, რაც თრენდად იქცა და ნიუ-იორკში ფემინისტთა ჯგუფებიც კი დადიოდნენ და ხევდნენ ჩვენს ბილბორდებს.
მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ჩიკაგოს კამპანია იყო – ავტობუსებსა და მეტროში განვათავსეთ გამაღიზიანებელი შინაარსის რეკლამები. შემდეგ კი მე თავად ვურეკავდი საჩივრებით ჩიკაგოს საჯარო ტრანსპორტის კომპანიას და პარალელურად ბრაზიან იმეილებს ვწერდი ქალაქის სამთავრობო წარმომადგენლობებს, თან ამ იმეილებს რეპორტიორებსაც ვუკოპირებდი. ასე ვაგრძელებდით მანამ სანამ, სატრანსპორტო კომპანიამ „საზოგადოებრივ ზეწოლას“ ვერ გაუძლო და ჩვენს რეკლამებს ბანი არ დაადო. ბუნებრივია რეკლამაში გადახდილი ფული, უკან დაგვიბრუნეს. ამის შემდეგ კი გავავრცელეთ პრეს რელიზი, სადაც გავკიცხეთ კომპანია და მთავრობა ამ ლაჩრული საქციელისთვის.“
ალტერნატიული და პროვოკაციული კამპანიის ტაქტიკა იმაში მდგომარეობს, რომ გაზომო ე.წ. „არა-აუდიტორიის“ იგივე ჰეითერების (haters) რაოდენობა და მათი პლატფორმა, მიიპყრო ფართო ყურადღება და შემდეგ შექმნა რეალური აუდიტორია. თუ დავუშვებთ, რომ 10-დან 9 ადამიანი რომელიმე პიროვნების ნებისმიერ ნათქვამს სისაძაგლედ ან სისულელედ მიიჩნევს, მაშინ მას არანაირად არ შეუძლია ტრადიციული არხების მეშვეობით მარკეტინგი გაუწიოს საკუთარ თავს. მისი პოტენციური აუდიტორია ზედმეტად გაბნეულია (ათიდან ერთი ადამიანი) და თან მათთან საერთო არ აქვს. სათითაოდ ხომ ვერ დაუწყებს ძებნას?!
მაგრამ დავუშვათ მან შეძლო მასიური ნეგატიური გამოხმაურების მიღება მედიაში. ასეთ დროს, დიდი ყურადღების გამო უკვე გამოჩნდება ისეთი ხალხიც, რომელიც მის აუდიტორიას ეკუთვნის.
ძლიერი ემოცია, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, ხალხში იწვევს გაზიარებისა და აზრის გამოხატვის დაუძლეველ სურვილს. უარყოფითი ემოცია ხშირად უფრო დიდ გამოძახილსაც კი პოულობს. ამ მეთოდოლოგიაზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ, ვირუსული კონტენტის გავრცელების წანამძღვრები და ანალიზი შემდეგ მისამართებზე: niemanlab.org, sagepub.com, buferapp.com.
ამ მეთოდის საწინააღმდეგო სტრატეგია არის ყურადღების მიქცევა დეტალებისთვის, მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება და საერთო სურათის აღქმის უნარი. ჰოლიდეიმ საჩივრები გააგზავნა საკუთარ კონტენტზე, ყალბი ინფორმაცია გაავრცელა პრესაში და ა.შ. ჭკვიან ჟურნალისტს შეუძლია ერთმანეთს დაუკავშიროს ეს რგოლები და ფარდა ახადოს სიცრუეს.
ყურადღება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. საჭიროა კარგად დავფიქრდეთ სანამ ვინმეს ან რამეს დავუთმობთ ჩვენს ყურადღებას და გავაანალიზოთ, როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ემოციები.
გამომჟღავნება არასაკმარისია: საჭიროა ალტერნატიული ვარიანტი
ყველაზე უაზრო რაც შეიძლება გააკეთოთ არის – ხალხს უთხრათ, რომ ის რაც მათ გაიგეს, მცდარია. ექსპერიმენტების მთელი სერია ამტკიცებს, რომ ასეთი ნათქვამი იშვიათად ცვლის ადამიანის რწმენას. ეს ადამიანური ფსიქოლოგიაა: ადამიანი ინფორმაციის შემეცნებას რაციონალურად კი არ ახდენს, არამედ ცოდნითა და გამოცდილებით ხელმძღვანელობს. ამის კლასიკურ მაგალითად გამოდგება პოლიტიკური დეზინფორმაციის შესახებ არაერთი ნაშრომის ავტორის, ბრენდან ნიჰანის ექსპერიმენტი:
ექსპერიმენტის მონაწილეებს ეუბნებოდნენ, რომ საწყობში გაჩნდა ხანძარი და ამ დროს ამ საწყობში იყო ადვილად აალებადი ქიმიკატების შემცველი საქონელი, რომელიც შეუსაბამო ადგილებზე ელაგა. ჩვეულებრივ, როდესაც ასეთი თანმიმდევრობით იგებს ადამიანი ინფორმაციას, როგორც წესი, ის ამ ფაქტებს მიზეზ-შედეგობრივად უკავშირებს ერთმანეთს. სწორედ ასე მოიქცნენ ექსპერიმენტის მონაწილეებიც და დაასკვნეს, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი ადვილად აალებადი ქიმიკატები იყო. ამის შემდეგ, ექსპერიმენტის მონაწილეთა ნაწილს უთხრეს, რომ რეალურად არცერთი ადვილად აალებადი ნივთი არ იყო საწყობში. ამ შესწორებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მონაწილეთა ეს ნაწილი სწორად იწყებდა ფიქრს, რომ საწყობში არ იყო ადვილად აალებადი ნივთები, მაგრამ ამის პარალელურად არასწორად ასკვნიდა, რომ ცეცხლის გამომწვევი მიზეზი მაინც ადვილად აალებადი ნივთები იყო. ეს მოჩვენებითი წინააღმდეგობა იმითი აიხსნება, რომ ადამიანები აახლებენ მათთვის ცნობილ ინფორმაციას შესწორებული ინფორმაციით ადვილად აალებადი ნივთების არსებობისა თუ არ არსებობის შესახებ, მაგრამ არ აახლებენ იმ მიზეზ-შედეგობრივ (კაუზალურ) კავშირს, რომელიც მათ გაუჩნდათ მანამდე მიღებული არასწორი ინფორმაციის შედეგად.
იმეორებდე ტყუილს და თან უარყოფდე, უფრო მეტად განამტკიცებს მას. ამის საწინააღმდეგო სტრატეგია არის ერთადერთი – შეცვალო ძველი ნარატივი ახლით.
ყოველთვის გამოიყენეთ დადასტურების მეთოდი და არ გამოიყენოთ უარყოფა.
ქვემოთ მოცემული ორი სათაურიდან, რომელი უფრო მეტად დამაჯერებელია:
„მე არ ვარ მუსლიმი, თქვა ობამამ“.
„მე ქრისტიანი ვარ, თქვა ობამამ“.
პირველი სათაური არის დეზინფორმაციის პირდაპირი და ცხადი უარყოფა, ამაში ორი აზრი არ არის.
მეორე სხვანაირ მიდგომას იყენებს: იმის მაგივრად, რომ უარყოს მცდარი ინფორმაცია, ის ადასტურებს ობამას რელიგიურ კუთვნილებას. ანუ მეორე ვარიანტი ამტკიცებს რაღაცას და არ ახდენს სხვა ინფორმაციის კორექტირებას.
ექსპერიმენტის კითხვა იყო, რომელი უფრო მეტად გვარწმუნებს ობამას რელიგიურ კუთვნილებაში? და როგორც ექსპერიმენტის შედეგები გვიჩვენებს, ეს არის მეორე ვარიანტი.
ინფორმაციის როლი: მოქმედება და არა რეაქცია
მოდით დავუბრუნდეთ ჩინეთის მაგალითს და ვნახოთ, რა მოვლენების დროს იმატებდა და იკლებდა მთავრობის მიერ დაქირავებულ კომენტატორთა პოსტები:
როგორც ხედავთ, პოსტების რაოდენობა მომენტალურად იმატებს ზოგიერთი მოვლენის დროს. ეს ის მოვლენებია, რომლებიდანაც ხალხის ყურადღების მიქცევა ან გადატანა სურს მთავრობას: მაგალითად შანშანის აჯანყება, ურუმქის რკინიგზის აფეთქება (ყურადღების გადატანა) და ქინგმინგის ფესტივალი, წამებულთა დღე. მაშასადამე, დაქირავებულთა პოსტები უბრალოდ კარგი სიახლეების ცნობება კი არ არის, არამედ კარგად შერჩეული სტრატეგია, რომელიც არასასურველ ინფორმაციებს მომენტალურად ახშობს.
თავისუფალი მედიის პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს ცენტრალური ძალაუფლება და თავისუფლება და მრავალფეროვნება მეფობს. ისტორიული ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა მოძრაობების ქმედებები კარგად იყო დაგეგმილი. ორგანიზება და დაგეგმვა კი საჭიროებს კარგ ინტელექტს და დიდ ინფორმაციულ ბაზას – უნდა იცნობდე შენს მოწინააღმდეგეს და იცოდე რას აკეთებს ის. ყურადღება მიაქციო ნებისმიერი დაპირისპირების ყველა დეტალს. გაარკვიო ვინ დაწერა კონკრეტული ისტორია ან კომენტარი, გამოიკვლიო მოწინააღმდეგის დაქირავებული ხალხი და გაშიფრო ქსელი: ვისთან არიან ისინი კავშირში, რა არხებს იყენებენ კავშირისთვის და მოქმედებათა კოორდინირებისთვის, ვინ მართავს ოპერაციებს… ამასთან უნდა აწარმოოთ მონიტორინგი რეალურ დროში. როდესაც დეზინფორმაციის კამპანია დაიწყება, აუცილებელია პირველმა მოახერხოთ თქვენს აუდიტორიასთან დაკავშირება და შესაბამისი ისტორიის მიწოდება, მხოლოდ ტყუილის გამომჟღავნება საკმარისი არ იქნება.
დღესდღეობით არსებობს ქსელის მონიტორინგის სხვადასხვა საშუალებები, ნებისმიერს შეუძლია ჰქონდეს დაქირავებულ პირთა ცხრილები, აწარმოოს მონიტორინგი რეალურ დროში, ჟურნალისტური გამოძიების მცოდნე ჟურნალისტებს კი თავის მხრივ შეუძლიათ აწარმოონ გამოძიებაც. მიუხედავად ამისა, ცენტრალიზაცია მაინც მნიშვნელოვანია. რუსული მიდგომა – „ბევრი მესიჯი, მრავალი არხი“, ამბობს რომ ღია და მრავალფეროვან ქსელს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ინდივიდუალურ პროპაგანდისტულ მოქმედებებში, და დიდი ალბათობით ის წარმატებული იქნება კონტრპროპაგანდაშიც. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში ამ პროპაგანდას ერთიანი მმართველი ჰყავს. ნაკლებად სავარაუდოა ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და ცალკეული აქტივისტების ნარევმა შეძლოს ეფექტური კონტრპროპაგანდის წარმოება. აქ დანაწევრებული მიდგომა არ მუშაობს. საჭიროა ერთიანი ბაზა და ცენტრალიზებული მმართველობა – ვიღაცას უნდა მიჰყავდეს შოუ.