ინფორმაციული ომი და პროპაგანდა თანამედროვე პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირებების განუყოფელ ნაწილად იქცა. ყატარსა და დანარჩენ არაბულ სამყაროს შორის ფარული დაპირისპირება, ვიღაცამ კარგად გამოიყენა და ერთი მარტივი ყალბი ნიუსის მეშვეობით სპარსეთის ყურის ქვეყნებში ქაოსი, ურთიერთბრალდებები და ღია დაპირისპირება, საბოლოოდ კი დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვია.
საინფორმაციო სააგენტო CNN-ის თქმით, ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიურომ სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის დაპირისპირებაში რუსი ჰაკერების ხელი დაინახა, რომელთა უკანაც რუსული სამთავრობო წრეები დგანან. ამ ნიუსზე დაყრდნობით, რუსეთისკენ იშვერს ხელს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიც, თუმცა, ბუნებრივია რუსული მხარე ბრალდებას უარყოფს და აბსურდულს უწოდებს.
მაინც როგორ გამოიწვია ერთმა ყალბმა ნიუსმა ქვეყნებს შორის დაპირისპირება და ვინ დგას ქმედების უკან რეალურად?
სპარსეთის ყურის ქვეყნები და დაპირისპირება
მოგეხსენებათ, სირიასა და ერაყში ომი მძვინვარებს. ამ ომში კი პირდაპირ თუ ირიბად, ჩართულია ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის: ამერიკა, რუსეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, იემენი, იორდანია და ა.შ. სპარსეთის ყურის ქვეყნები ცნობილია ნავთობის დიდი მარაგით, რაც ამერიკის მხრიდან შერბილებული პოლიტიკის გატარებას იწვევს ამ ქვეყნების მიმართ. ცნობილია ისიც, რომ ამერიკის მეგობარი არაბული ქვეყნები ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას ფარულად უწევენ ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-ს, რომელიც სირიისა და ერაყის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვის. ასე მაგალითად: ამერიკული საბრძოლო დანადგარები (რომელსაც ცნობისთვის, საქართველოსთვისაც კი ვერ იმეტებენ), „როგორღაც“ ხვდება ტერორისტული ორგანიზაციების ხელში.
საუდის არაბეთი დაპირისპირებულია ყატართან, რომელსაც ტერორიზმის დაფინანსებაში სდებს ბრალს და ირანთან კარგ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. ირანი კი ფაქტიურად მტრულ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული.
მაისის შუა რიცხვებში, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს ეწვია. ასევე შეხვედრა გამართა სპარსეთის ყურის ურთიერთ თანამშრომლობის საბჭოს ლიდერებთან. ამ შეხვედრაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ძველი ნათქვამი, რომ ირანი არის ტერორიზმის დამფინანსებელი ძალა. თავის მხრივ ირანი უარყოფს ბრალდებას და ამერიკის მეგობარ საუდის არაბეთს ადანაშაულებს ტერორიზმის დაფინანსებაში (რომელიც სხვათა შორის, სიმართლესთან უფრო ახლოა).
ამ ვიზიტის შემდეგ ყატარმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „უცნობი ძალები“ აწარმოებენ კარგად ორკესტრირებულ კრიტიკას და ბრალდებებს უყენებენ ყატარს. ამ განცხადებიდან 4 დღის შემდეგ მოხდა ყატარის სიახლეების სახელმწიფო სააგენტოს დაჰაკვა და ყალბი ნიუსის გავრცელება.
ყალბი ნიუსი და ინფორმაციული ომი
საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები ყატარს ბრალს სდებდნენ ირანთან არასაკმარის დაპირისპირებაში და მუსლიმური საძმოს მიმართ არასაკმარის მხარდაჭერაში. სწორედ ასეთ მომენტში გამოჩნდა ყალბი სიახლე.
ყატარის სიახლეების სახელმწიფო სააგენტოს ვებ გვერდზე დაიდო ყალბი ნიუსი, რომლის თანახმადაც ნავთობით მდიდარმა პატარა ქვეყნებმა (ასეთია ყატარიც), ტრამპის ადმინისტრაციასთან დაძაბული სიტუაციის გამო, ელჩები გამოიწვიეს ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან, საუდის არაბეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ყალბი ნიუსი ასევე „ციტირებდა“ ყატარის მმართველის, შეიხ ტამიმის სიტყვებს, რომ ვითომ, მას ირანისთვის ეწოდებინოს „ისლამური სამყაროს ძალა“ და ეთქვას, რომ ისრაელთან გვაქვს კარგი ურთიერთობაო. ნიუსი ასევე იუწყებოდა, რომ შეიხ ტამიმმა სამხედრო კურსდამთავრებულთა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას დაგმო არაბული სამყაროს მხრიდან ირანთან ახალი დაპირსპირების პოლიტიკა.
ალბათ იცით, რომ ყატარსა და დანარჩენ არაბულ ქვეყნებს შორის 2014 წელს დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ქვეყნიდან გაიწვიეს თავისი ელჩები. ამდენად სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული იგივე ცნობა საკმაოდ რეალური ჩანდა, მითუმეტეს რომ სიტუაცია ისედაც დაძაბული იყო. ამ ნიუსის გამოქვეყნების შემდეგ ბაჰრეინმა, ეგვიპტემ, იემენმა, საუდის არაბეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები გაწყვიტეს ყატართან. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით: „ნებისმიერი პირი, რომელიც სიმპათიას გამოხატავს ყატარის მიმართ დაისჯება 15 წლიანი ციხით“.
არაბული ქვეყნები ერიდებიან ყატართან აქტიურ დაპირისპირებას, რადგან ალ-უდეიდის ავიაბაზაზე ამერიკას აქვს რეგიონის მთავარი სამხედრო ბაზა გამართული და ბაზირებული ჰყავს 10 000 ამერიკელი ჯარისკაცი. სწორედ ამ ბაზიდან იმართება სამხედრო ოპერაციები სირიასა და ერაყში. შესაბამისად უცნაურია, რომ ანტი-ყატარულ ისტერიას მწვანე შუქი თავად დონალდ ტრამპმა აუნთო, როდესაც ყატარი ექსტრემისტების დაფინანსებაში დაადანაშაულა. შემდეგ კი საუდის არაბეთის მეფე სალმანს დაურეკა და უთხრა, რომ სპარსეთის ყურეში ერთიანობაა საჭიროო.
ყატარმა ნიუსის ნამდვილობა უარყო და განცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ჰაკერულ შეტევას და მიმდინარეობდა ინფორმაციული ომი სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართ, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. აღნიშნულის დასადასტურებლად მოიწვია ექსპერტები ამერიკიდან და გასაკვირი არ არის, რომ ამერიკულმა FBI-მ რუსული ხელი აღმოაჩინა ყალბი თუ „ყალბი“ ნიუსის უკან.
ვის აწყობს დაპირისპირება სპარსეთის ყურეში
სიახლე თავდაპირველად ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო CNN-მ გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო რომ FBI რუსეთს ადანაშაულებდა ჰაკერულ შეტევაში, შემდეგ კი იგივე გაიმეორა The Guardian-მა. არცერთი მათგანი არ გამოირჩევა სანდოობით და არაერთხელ ყოფილა შემჩნეული ყალბი ნიუსების გავრცელებასა და ნიუსების ხელოვნურად დადგმაში, შედეგად კი ხალხის აზრის ხელოვნურ ფორმირებაში. ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია ეს სააგენტოები პროპაგანდისტული მანქანის ნაწილად მივიჩნიოთ.
რუსეთმა კატეგორიულად უარყო ბრალდება და „კიდევ ერთი სიყალბე და კიდევ ერთი ტყუილი“ უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით: „CNN-მ კიდევ ერთხელ შელახა საკუთარი რეპუტაცია როგორც დამოუკიდებელმა და ობიექტურმა მედია საშუალებამ“.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური განცხადების თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება და რეალურად FBI და CIA მომხდართან დაკავშირებით არ აკეთებენ კომენტარს. შესაბამისად იკვეთება ვარაუდი, რომ CNN-მა ამ შემთხვევაში FBI-ის რუპორის როლი შეასრულა, თან ისე რომ FBI-ს უკან დასახევი გზა ჰქონოდა.
არავინ უარყოფს რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას ინფორმაციული ომსა და პროპაგანდაში, მითუმეტეს რომ მსგავსი მაგალითები უახლოეს წარსულში არაერთხელ ყოფილა, თუმცა ყველაფერზე პირდაპირ რუსეთისკენ ხელის გაშვერა უკვე მოდად იქცა, მაშინ როდესაც ამერიკული და ჩინური მხარეები არანაკლებ პროპაგანდას ეწევიან.
რაში შეიძლება აწყობდეს რუსეთს ყატარსა და დანარჩენ არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობების გამწვავება? იქნებ ირანთან რუსეთის შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში (სირიის „გაყოფის“ დროს), სურს არაბული სამყარო გაერთიანებულად ებრძოდეს ირანს და ამით ირანის ზედმეტ ამბიციებს შეუშალოს ხელი.
მეორე მხრივ, ამერიკა ოფიციალურად დაპირისპირებულია ირანთან და ყატარის არაბული სამყაროსკენ შემოტრიალებით, რომელიც ნაკლებ სიხისტეს იჩენდა ირანის მიმართ, საკმაო სარგებელს ნახავს. როგორც ვთქვით, საუდის არაბეთში ყოფნისას, ტრამპმა ერთგვარი გაფრთხილება მისცა ყატარს. იქნებ ამერიკას მიაჩნია, რომ ყატარის ირანთან დაახლოება მათ 10,000-კაციან ბაზას რაიმენაირ საფრთხეს უქმნის ან უბრალოდ, მის ნავთობ ინტერესებს ადგება ზიანი.
ცხადია, არ შეიძლება გამორიცხვა, რომ ნიუსი რეალურად არ ყოფილა ჰაკერული შეტევის შედეგი და ყატარმა თვითონ გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია, რომელიმე ქვეყნის მოთხოვნით და ფარად ჰაკერული შეტევა, მაშასადამე სხვა ქვეყნის IT მისამართები გამოიყენა.
ერთი რამ უდავოა: ნიუსი იყო ინფორმაციული ომის ნაწილი და კარგად დაგეგმილი პროპაგანდა.
იმედია გამოძიების დასრულება დადებს სათანადო მტკიცებულებებს და გარკვეულ სინათლეს მოჰფენს ნიუსს, რომელმაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა გამოიწვია.