ფეისბუქმა საკუთარი მესენჯერის აპლიკაციისთვის „საიდუმლო მიმოწერის“ (Secret Conversations) დამატება სატესტო რეჟიმში ჯერ კიდევ 2016 წლის პირველ მეოთხედში დაიწყო. მიმდინარე წლის ივლისში კი საუბრების უსაფრთხოების ახალი დონე ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ფუნქციის დამატებიდან ნახევარი წელი გავიდა, ფეისბუქის ქართველ მომხმარებელთა ნახევარს მის არსებობაზე წარმოდგენაც არ აქვს, გამოყენებით კი არაუმეტეს 5% იყენებს. საუბარია კონფიდენციალობის დაცვის ახალ დონეზე რომელსაც end-to-end შიფრაციას ეძახიან. რა არის ფეისბუქ მესენჯერის end-to-end შიფრაცია?
მოგეხსენებათ, ფეისბუქის მომხმარებელთა საუბრები აქამდეც მაღალ დონეზე იყო დაცული, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ჰაკერის მიერ სხვის პროფილზე წვდომის მოპოვების შედეგად, მას შესაძლებლობა ჰქონდა მსხვერპლის მიმოწერა წაეკითხა. end-to-end შიფრაცია მსგავს რამეს გამორიცხავს. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც მიმოწერა იშიფრება იმდაგვარად, რომ ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ ორ მოწყობილობაზე – მათ შორის ერთი გამგზავნია და მეორე მიმღები. მიმოწერა გამგზავნის ტელეფონზე იშიფრება სპეციალური გასაღებით (public key) და მიმღების ტელეფონზე ხდება გაგზავნილი მესიჯის დაშიფვრა (private key).
ფეისბუქის „საიდუმლო მიმოწერა“ იყენებს სიგნალთა შიფრაცია სისტემას, რომელიც თავის მხრივ კომპანია Open Whisper Systems-ის შემუშავებულია. შიფრაციის ეს პროტოკოლი მათ თავდაპირველად საკუთარ აპლიკაციაში (https://whispersystems.org/) გამოიყენეს, შემდეგ კი სხვადახვა კომპანიების პარტნიორები გახდნენ და მისი გამოყენების ნებართვა მისცეს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია იყო ფეისბუქიც.
ფეისბუქის მესენჯერში „საიდუმლო მიმოწერა“ by default არ არის დაყენებული და ის მომხმარებელმა თავად უნდა ჩართოს. ამის მიზეზად ზოგი პოლიტიკას ასახელებს და სამართალდამცავი ორგანოების დამოკიდებულებას მიაწერს, თუმცა რეალურად რომ შევხედოთ, კონკრეტულად ფეისბუქის მომხმარებლებისთვის ასე უფრო მოსახერხებელია. მომხმარებელთა უმეტესობა ნაკლებად აქცევს მიმოწერის უსაფრთხოებას ყურადღებას და სურს, რომ საკუთარი მიმოწერის ნახვა შეეძლოს კომპიუტერშიც და სმარტფონშიც. „საიდუმლო მიმოწერა“ დეფოლტად რომ იყოს დაყენებული, მაშინ ჩვეულებრივი მიმოწერის გააქტიურება მოუწევდა ხელით, რადგან „საიდუმლო მიმოწერა“ ხორციელდება მხოლოდ ორ სმარტფონზე – გამგზავნსა და მიმღებზე. სხვა ვერსაიდან ამ მიმოწერას ვერ ნახავთ.
„საიდუმლო მიმოწერას“ უსაფრთხოების გარდა, კიდევ არაერთი უპირატესობა აქვს, თუმცა მთავარი უპირატესობა და ფაქტიურად ახალი ფუნქცია არის მესიჯების წაშლის ფუნქცია – თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ გაგზავნილი მესიჯები მიმღების მოწყობილობაში როგორც ხელით, ისე ავტომატურად. დიახ, თქვენ შეგიძლიათ მესიჯის გაგზავნის წინ დააყენოთ დრო 5-წამიდან 1 დღემდე და ის მესიჯი ავტომატურად წაიშლება მიმღების სმარტფონიდან. დარწმუნებული ვარ, არაერთ თქვენგანს გაუგზავნია მესიჯი ფეისბუქზე მეგობრისთვის და შემდეგ უნატრია, რომ მისი წაშლა შეძლებოდა მიმღების პროფილში. თქვენი ნატვრა ახდენილია – ახლა ეს მარტივად შეგიძლიათ.
დარწმუნებული ვართ, უმეტესობას დაგაინტერესებთ როგორ უნდა ჩართოთ და გამოიყენოთ „საიდუმლო მიმოწერა“, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ერთგვარ ტუტორიალს ამ ფუნქციის გასააქტიურებლად.
პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ „საიდუმლო მიმოწერა“ ფუნქციონირებს მხოლოდ სმარტფონებზე და მას ვერ გამოიყენებთ პერსონალურ კომპიუტერზე. მაშ ასე, დავიწყოთ:
1) საიდუმლო მიმოწერის გააქტიურებისთვის, გახსენით მესენჯერის აპლიკაცია, გადადით პროფილის ტაბზე და დააჭირეთ Secret Conversations.
2) ჩართეთ ფუნქცია შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ამოვარდება მესიჯი, რომელიც გვეუბნება რომ ამ კონკრეტულ მიმოწერაზე წვდომა შეგვეძლება მხოლოდ ამ კონკრეტული სმარტფონით. ჩვენც სწორედ ეს გვინდა. ჩართვის შემდეგ, „საიდუმლო მიმოწერის“ პარალელურად თქვენ შეგეძლებათ ჩვეულებრივი მიმოწერაც ისე აწარმოოთ როგორც აქამდე, უპრობლემოდ და შეუფერხებლად.
3) ახლა როდესაც მესიჯის გაგზავნა გვინდა, ვბრუნდებით მთავარ ტაბზე, ვაჭერთ ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებულ + ნიშანს და ვირჩევთ Write Message-ს.
4) გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ზედა მარჯვენა კუთხეში ბოქლომის ნიშანის გადაადგილებით ჩავრთავთ „საიდუმლო მიმოწერას“, რის შემდეგაც თულბარის ცისფერი ფერი შეიცვლება და გახდება შავი. ამის შემდეგ ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ კონტაქტს და ვწერთ საიდუმლო მესიჯს.
5) ჩვენი მესიჯი შეიძლება არ გაიგზავნოს და დაგვიწეროს – A connection setup error has occurred. ეს უმეტესად იმითია გამოწვეული, რომ ადრესატი ფეისბუქ მესენჯერის ძველი ვერსიას იყენებს, ან უბრალოდ არ აქვს დაყენებული მესენჯერი. ასეთ დროს ზედა მარჯვენა მხარეს ეწერება INVITE. ჩვენ ვაწვებით მას, რის შემდეგაც ადრესატს ეგზავნება მოწვევა. რის შემდეგაც უნდა დააყენოს ახალი მესენჯერი და გააქტიუროს “საიდუმლო მიმოწერის” ფუნქცია.
თუ გვინდა, ჩვენი მიმოწერა გარკვეული დროის შემდეგ წაიშალოს, ვაწვებით წამზომის აღმნიშვნელ ნიშანს და ვირჩევთ იმ დროს, რა დროშიც გვინდა რომ ჩვენი მესიჯი წაიშალოს ადრესატის მიერ მისი ნახვის მომენტიდან.
iOS მოწყობილობებზეც თითქმის იგივეა ყველაფერი. ჯერ ირჩევთ New Message-ს, შემდეგ Secret-ს და ბოლოს სასურველ ადრესატს. დანარჩენი ისევე, როგორც ზემოთ არის აღწერილი.
და ბოლოს, ჩვენი რჩევაა, მიაქციოთ ყურადღება კონფიდენციალური საუბრების უსაფრთხოებას, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი პირადი მიმოწერა, ჩართოთ და გამოიყენოთ „საიდუმლო მიმოწერის“ ფუნქცია.