რა იცის ჩვენზე google-მა

Google +1 და Google Analytics

მომხმარებელთა მონიტორინგისთვის გუგლიც აქტიურად იყენებს ქუქიებს. ფეისბუქის მსგავსად, როდესაც მომხმარებელი შედის ისეთ საიტზე სადაც გუგლის +1 ღილაკია, ქუქიების გენერირება ამ კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის ავტომატურად ხდება. თუ მომხმარებელი ამ ღილაკს დააჭერს, მაშინ ამ მომხმარებლის პროფილი და ზოგადი ქუქიები ერთმანეთს „უკავშირდება“. გუგლი აერთიანებს თქვენს პროფილს (google+, gmail), ქუქიებს, ამაგრებს თქვენს აიპი მისამართს და შემდეგ ინახავს ამ ინფორმაციას თქვენი უკეთ „გაცნობისთვის“.

ანალოგიურად, Google Analytics თქვენს კომპიუტერში წერს სპეციალურ ქუქიებს, რომლებიც თქვენს იდენტიფიცირებას ახდენს და შემდეგ როდესაც თქვენ კვლავ ესტუმრებით კონკრეტულ ვებ საიტს, მას უკვე ეცოდინება ვინ ხართ. სხვა მონაცემებთან ერთად ინახება ინფორმაცია იმის შესახებ თუ საიდან მოხვდით ამ საიტზე (რეფერალი), საიტზე თქვენი შესვლის დრო, დაყოვნების დრო და საიტიდან გასვლის დრო, რა პროდუქტი მოინახულეთ, რამდენი ხანი დაჰყავით მის თვალიერებაში და რა თქმა უნდა, თქვენი აიპი მისამართი, რაც თქვენი ზოგადი ადგილმდებარეობის გაგების კარგი საშუალებაა (მაგალითად: თბილისი, საქართველო).

სხვადასხვა ტიპის ანალიზებისთვის Google Analytics-ს ბევრი ვებსაიტი იყენებს და კონკრეტულ საიტზე მისი არსებობის შესახებ მომხმარებლებმა არაფერი იციან. მართალია, ეს მონაცემები თავად ამ საიტებზე ინახება და პირდაპირ გუგლს არ გადაეცემა (ყოველ შემთხვევაში, გუგლი ასე ამბობს), მაგრამ კომპანიებს შეუძლიათ თავად გამოიჩინონ ინიციატივა და გადაუგზავნონ ისინი გუგლს, იმის გასაგებად თუ რა მდგომარეობაში არიან სხვა კომპანიებთან მიმართებაში (benchmark).

გუგლის საძიებო სისტემა

გუგლზე შესვლისთანავე თქვენ ხდებით იდენტიფიცირებული ქუქიების მეშვეობით. ხოლო თუ თქვენ ამ დროს თქვენს პროფილში ხართ შესული, მაშინ გუგლმა თქვენი ვინაობა კონკრეტულად იცის. რითია ეს ცუდი?

თითოეულ სიტყვას რომელსაც გუგლის საძიებო სისტემაში აკრეფთ, ინახება. ჩვენ მიჩვეული ვართ ყველაფერი გუგლის საძიებო სისტემაში მოვძებნოთ, შედეგად გუგლმა იცის ყველაფერი ჩვენზე და ეს არ არის ხმამაღალი ნათქვამი. ძიების შედეგად გუგლმა იცის რა გაინტერესებთ, რა მედიკამენტებს ეძებთ, რა პრობლემის გადაჭრას ცდილობთ, იცით თუ არა ბავშვის მოვლა, ეჭვიანობთ თუ არა თქვენს მეუღლეზე, რა სავარაუდო დაავადება გაქვთ ან რომელი ავადმყოფობა გაწუხებთ, როგორი ტანსაცმელი მოგწონთ ან რა სექს სათამაშოები გსურთ რომ გქონდეთ. ძალიან პირადულია ხომ?

ჩვენ ფაქტიურად ყველაზე პირადულსაც კი გუგლს ვაგებინებთ. ამას გუგლი კარგად იყენებს, დროთა განმავლობაში ქმნის ჩვენზე პერსონალურ, დეტალურ დოსიეს, რომელიც ჩვენი ინტერესების ყველა სფეროს მოიცავს – საჭმელი, ტანსაცმელი, გართობა, მედიკამენტები, სექსუალური გადახრები, ცხოვრებისეული გამოწვევები, პოლიტიკური მიდრეკილებები და ა.შ. მაშინაც კი როდესაც გუგლმა არ იცის ჩვენი სახელი, მას შეუძლია ამოგვიცნოს, მაგალითად, აიპი მისამართით. შემდეგ კი უკვე არსებული ინფორმაციის მეშვეობით დაადგინოს ჩვენი ვინაობა.

გუგლი ყველა ამ მონაცემს იყენებს იმისთვის, რომ გვიჩვენოს ჩვენს ინტერესებზე კარგად მორგებული რეკლამები – მისი შემოსავლების 90% ხომ სწორედ რეკლამებზე მოდის.

ბრაუზერები

გუგლის საძიებო სისტემა გარკვეულ სიცარიელეებს ტოვებდა. თუ დავაკვირდებით, გუგლის საძიებო სისტემას ვიყენებთ მაშინ, როდესაც დამატებითი ინფორმაცია გვჭირდება, მაგრამ რა ქნას გუგლმა მაშინ, როდესაც აინტერესებს ჩვენი ცხოვრების ის ასპექტები, რომლებიც ისეა აწყობილი, რომ გუგლის დახმარება არ გვჭირდება? ამისთვის შეიქმნა გუგლის ინტერნეტ ბრაუზერი Chrome. ახლა გუგლს შეუძლია, პირდაპირი მონიტორინგი განახორციელოს ჩვენზე და იცოდეს რომელ საიტებს ვსტუმრობთ გუგლის საძიებო სისტემის გვერდის ავლით – მაგალითად, რომელი ბანკის კლიენტი ვართ და რომელ ინტერნეტ ბანკს ვიყენებთ.

Firefox ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ინტერნეტ ბრაუზერია, რომელიც ქრომის კონკურენტია. თქვენ ალბათ იკითხავთ, რანაირად ახერხებს გუგლი ჩვენს მონიტორინგს მელაკუდას დახმარებით. სრულიად ლეგიტიმური შეკითხვაა. საქმე ისაა, რომ გუგლს აქვს საეჭვო ვებსაიტების შავი სია, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტი ვებსაიტისგან შედგება და მისი შემცველობა მუდმივად იცვლება. სანამ firefox გადაგვიყვანდეს ჩვენს მიერ მოთხოვნილ საიტზე, ის ჯერ ამოწმებს ეს კონკრეტული საიტი არის თუ არა გუგლის საიტების შავ სიაში. მაშასადამე, მელაკუდა გუგლს უგზავნის მოთხოვნას და ეკითხება: „ესა და ეს საიტი არის თუ არა შენს შავ სიაში“. შედეგად გუგლმა იცის, რა მისამართზე აპირებთ შესვლას. აქვე ისიც აუცილებელია ითქვას, რომ firefox-ის მფლობელი კომპანიის Mozilla-ს შემოსავლების 85% ($165 მილიონი დოლარი) მოდის… დიახ სწორად მიხვდით, გუგლზე.

2012 წელს გუგლი 22 მილიონით დააჯარიმეს Apple-ის ინტერნეტ ბრაუზერის Safari-ს მომხმარებელთა უკანონო მონიტორინგის გამო. ფაქტიურად გუგლი ახორციელებდა “საფარის“ ჰაკინგს. რეალურად, დიდ ფინანსურ ჯარიმას პრობლემა არ მოუგვარებია: საფარი ხომ თავად იყენებს გუგლის ვებსაიტებს შავ სიას.

Android სისტემის მოწყობილობები

Android-ის სისტემის მქონე მოწყობილობები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ სისტემის სრულად გამოყენებისთვის, მომხმარებელი იძულებულია შეიყვანოს მასში საკუთარი gmail-ის ანგარიში. გარდა ამისა, სისტემაზე გაშვებული უნდა იყოს გუგლის სერვისები, რუკა და სხვა. თუ ჩახედავთ მათ ნებართვებს (permissions), ნახავთ, რომ ეს პროგრამები მოითხოვენ თითქმის ყველა არსებულ ნებართვას. განა რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო მეტად მოსახერხებელი? სადაც არ უნდა წახვიდეთ, ფაქტიურად გუგლი ჯიბით დაგაქვთ და მისთვის ყველა ნებართვა გაქვთ მიცემული.

ქუქიების გარეშე

ვინაიდან, ქუქიები შეიძლება წაიშალოს ან საერთოდ დაიბლოკოს მათი გამოყენება, საჭირო ხდება მომხმარებელთა იდენტიფიცირების სხვა მეთოდის არსებობაც. ჩვენი კომპიუტერი ვებ მოთხოვნასთან ერთად აგზავნის ზოგიერთ საინტერესო ინფორმაციას, რომელთა ერთად თავმოყრის შემდეგაც შესაძლებელი ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება. ამ მეთოდს ანაბეჭდების აღება ეწოდება (fingerprinting). გაგზავნილ ინფორმაციებს შორის შეიძლება იყოს ჩვენი აიპი მისამართი, პლაგინების ჩამონათვალი, რომელ ინტერნეტ ბრაუზერს ვიყენებთ,  ეკრანის ზომა, ჩვენი კომპიუტერის სასაათო სარტყელი, ფონტები და სხვა მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც კონკრეტულ კომპიუტერს შეიძლება მიენიჭოს უნიკალური მაიდენტიფიცირებელი ნომერი. მართალია, ამ მეთოდით მიღებული ინფორმაცია შედარებით მცირეა, მაგრამ მისი უპირატესობა ისაა, რომ ამ იდენტიფიკატორისგან თავის დაღწევა ბევრად რთულია – ბრაუზერის გამოცვლა, ან პროგრამის თვისებების შეცვლა ხომ კიდევ უფრო მეტად უნიკალურს ხდის ჩვენს მოწყობილობას.

ფინგერპრინტინგის მეთოდი შეიძლება კომბინირებულ იქნას მესამე მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან, რათა კომპანიამ მომხმარებლებს შესთავაზოს უფრო რელევანტური რეკლამა. მაგალითად, სარეკლამო კომპანია AdStack თანამშრომლობს მარკეტინგულ მონაცემთა კომპანია Rapleaf-თან. ამის შედეგად შესაძლებელი ხდება დადგინდეს პოტენციური მომხმარებლის სქესი, ასაკი და სხვა მსგავსი ზოგადი მონაცემები. ამ კომპანიის მომხმარებელთა ბაზა კი მხოლოდ 10 მილიონია. წარმოიდგინეთ რა შეუძლია გუგლს თავისი მილიარდიანი ბაზებით.

პრობლემის მოგვარების გზები

ჩვენ მაინცდამაინც ბევრის გაკეთება არ შეგვიძლია. თუმცა ზოგიერთი ფუნქციის გათიშვის უფლება გვაქვს:

გუგლი იწერს თქვენს ხმას ყოველთვის როდესაც იყენებთ ხმოვან ბრძანებას. ეს შეიძლება იყოს OK Google (გუგლის საძიებო სისტემაში ხმოვანი ძიება) ან მესიჯის ხმოვანი აკრეფა. ამ ჩანაწერების კონტროლი, წაშლა და გამორთვა შეგიძლიათ შემდეგი მისამართიდან: https://history.google.com/history/audio

როგორც უკვე ვთქვით, გუგლი იწერს ყველაფერს რაც ოდესმე მოგვიძებნია მის საძიებო სისტემაში. ჩვენი საძიებო ისტორია შეგვიძლია ვნახოთ შემდეგ მისამართზე: https://myactivity.google.com/myactivity

გუგლი ასევე ინახავს ჩვენს ლოკაციებს, მაშასადამე თუ სადმე მივდივართ და GPS ჩართული გვაქვს გუგლი თან დაგვყვება. ამასი შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამ მისამართზე შესვლით: https://www.google.com/maps/timeline. თქვენი შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ლოკაციები ან საერთოდ გამორთოთ ეს ფუნქცია.

ჩვენი აქტივობების გათიშვა შეგვიძლია შემდეგი მისამართიდან: https://myaccount.google.com/activitycontrols ეს აქტივობები მოიცავს, როგორც ვებს, ისე აპლიკაციებს, მისამართებს, ანდროიდ მოწყობილობებს, იუთუბს, ხმოვან ჩანაწერებს და სხვა.

რეკლამების პერსონალიზაციის ფუნქციის გამოსართავად უნდა გადავიდეთ მისამართზე: https://www.google.com/settings/u/0/ads/authenticated?hl=en

ამ მისამართზე კი შეგიძლიათ შეამოწმოთ, თუ რა ინფორმაციას გასცემს თქვენი ბრაუზერი და რამდენად ხართ დაცული: https://panopticlick.eff.org/