Tracking სერიები – როგორ გავურთულოთ facebook-ს ჩვენი თვალთვალი
გქონიათ შემთხვევა, დაგითვალიერებიათ რაიმე პროდუქტი რომელიმე საიტზე, შემდეგ დაბრუნებულხართ ფეისბუქზე და გინახავთ, რომ ფეისბუქი, რაღაც სასწაულებრივად, სწორედ ამ პროდუქტის რეკლამებს გიჩვენებთ? ყველა აქტიურ ფეისბუქ მომხმარებელს ერთხელ მაინც ჰქონია მსგავსი შემთხვევა. ეს, არც თუ იშვიათად, გაღიზიანებას იწვევს – „დავათვალიერე, არ ვიყიდე, ფეისბუქი კი მაინც ცდილობს პროდუქტი როგორმე შემომტენოს“.
ბუნებრივია ჩნდება კითხვები: რა ინფორმაციას აგროვებს ფეისბუქი ჩვენზე? როგორ იგებს რა საიტებზე დავძვრებით და რას ვათვალიერებთ? როგორ გვირჩევს ზუსტად „ჩვენზე მორგებულ“ რეკლამებს?
ქუქიები
ყველამ იცის, რომ ფეისბუქი აგროვებს ყველაფერს რასაც ჩვენ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვაკეთებთ: ვის ველაპარაკებით და რამდენად ხშირად, ვისთან გვაქვს კონფლიქტი, რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს, რას ვუსმენთ, რას ვუყურებთ, რაზე ვლაპარაკობთ, რა აზრები გვაწუხებს, რამდენად ხშირად ვიყენებთ ფეისბუქს… ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია. მაგრამ ცოტა თუ ხვდება, რომ ფეისბუქმა ისიც იცის, რა საიტებს ვსტუმრობთ, რას ვაკეთებთ ამ საიტებზე და დღის რომელ მონაკვეთში უფრო გვცალია საიტებზე საძრომიალოდ.
ქუქიები (cookies) ჯადოსნური ნამცხვრებია, რომლებიც ჩვენს კომპიუტერში „ცხვება“ ყოველთვის, როდესაც რომელიმე საიტს ვსტუმრობთ. ისინი ინახავენ გარკვეულ ინფორმაციას ჩვენი, როგორც მომხმარებლის, იდენტიფიცირებისთვის – ეს შეიძლება იყოს საიდენტიფიკაციო კოდი, სახელი, გვარი, პაროლი, საიტზე შესვლის მაჩვენებელი, შემთხვევით (random) გენერირებული სტრიქონი და ასე შემდეგ. სწორედ ამ ქუქიების მეშვეობით ხვდება ფეისბუქი, რომ ჩვენ ჩვენ ვართ და საიტზე თავიდან შესვლა აღარ გვჭირდება, ავტომატურად გვიჩვენებს ჩვენს გვერდს. ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის.
ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ფეისბუქის თვალთვალისთვის თავის დაღწევა შესაძლებელი იყო ფეისბუქიდან გამოსვლით, მაგრამ ეს მიდგომა მცდარი აღმოჩნდა. ფეისბუქზე შესვლის დროს იქმნება ამის მსგავსი ქუქიები:
Cookie:
datr=tdnZTOt21HOTpRkRzS-6tjKP;
lu=ggIZeheqTLbjoZ5Wgg;
openid_p=101045999;
c_user=500011111;
sct=1316000000;
xs=2%3A99105e8977f92ec58696cf73dd4a32f7;
act=1311234574586%2F0
ხოლო შემდეგ როდესაც ფეისბუქიდან გამოვდივართ (logout) ქუქიებს ვადა უნდა გაუვიდეს:
Set-Cookie:
_e_fUJO_0=deleted; expires=Thu, 01-Jan-1970 00:00:01 GMT; path=/; domain=.facebook.com; httponly
c_user=deleted; expires=Thu, 01-Jan-1970 00:00:01 GMT; path=/; domain=.facebook.com; httponly
fl=1; path=/; domain=.facebook.com; httponly
L=2; path=/; domain=.facebook.com; httponly
locale=en_US; expires=Sun, 02-Oct-2016 07:52:33 GMT; path=/; domain=.facebook.com
lu=ggIZeheqTLbjoZ5Wgg; expires=Tue, 24-Sep-2018 07:52:33 GMT; path=/; domain=.facebook.com; httponly
s=deleted; expires=Thu, 01-Jan-1970 00:00:01 GMT; path=/; domain=.facebook.com; httponly
sct=deleted; expires=Thu, 01-Jan-1970 00:00:01 GMT; path=/; domain=.facebook.com; httponly
W=1316000000; path=/; domain=.facebook.com
xs=deleted; expires=Thu, 01-Jan-1970 00:00:01 GMT; path=/; domain=.facebook.com; httponly
თუ ამ ქუქიებს შევადარებთ, ვნახავთ რომ ზოგიერთი ქუქიები არ იშლება, ორს ენიჭება ვადის გასვლის ახალი თარიღი (locale და lu), ამასთანავე იქმნება 3 ახალი ქუქიები – W, fl, L. ახლა თუ კიდევ ერთ მოთხოვნას გავაკეთებთ როგორ გამოსული (და-logout-ებული) მომხმარებელი ვნახავთ ასეთ რამეს:
Cookie:
datr=tdnZTOt21HOTpRkRzS-6tjKP;
openid_p=101045999;
act=1311234574586%2F0;
L=2;
locale=en_US;
lu=ggIZeheqTLbjoZ5Wgg;
lsd=IkRq1;
reg_fb_gate=http%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Findex.php%3Flh%3Dbf0ed2e54fbcad0baaaaa32f88152%26eu%3DJhvyCGewZ3n_VN7xw1BvUw;
reg_fb_ref=http%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Findex.php%3Flh%3Dbf0ed2e54fbcad0b1aaaaa152%26eu%3DJhvyCGewZ3n_VN7xw1BvUw
დავხედოთ ქუქიებს და ვნახავთ, რომ ის ქუქიები რომლებიც ჩვენ გვაიდენტიფიცირებდა როგორც კონკრეტულ მომხმარებელს, ისევ თავის ადგილზეა (act, locale, lu). მაშასადამე, ფეისბუქი იმის მაგივრად რომ ყველა ქუქიები მოაშოროს საიტიდან გამოსვლის შემდეგ, ახდენს მხოლოდ ზოგიერთი მათგანის მოდიფიცირებას და მისთვის საინტერესო ქუქიებს თავის ადგილზე ტოვებს.
თუ რომელიმე თქვენგანი ზედმეტად დაკვირვებული ხართ, შეამჩნევდით, როდესაც ფეისბუქიდან გამოსული ხართ (logout) და სხვადასხვა საიტებს ათვალიერებთ, შემდეგ კი ამ საიტებს ხურავთ და შედიხართ თქვენს ფეისბუქზე, ამ საიტების შესაბამისი რეკლამები ჩნდება თქვენს გვერდზე.
თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით რა ხდება, ახლავე აგიხსნით. ფეისბუქს სურს, რომ თავისი რეკლამების უკეთ დამისამართებისთვის (მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად) კონკრეტული მომხმარებელზე ინფორმაცია მუდმივად თან ჰქონდეს. შედეგად, როდესაც ჩვენ შევდივართ ნებისმიერ საიტზე, რომელსაც აქვს ფეისბუქის ნებისმიერი კოდი, მათ შორის მოწონების (like), გაზიარების(share) და რეკომენდაციის (recommend) ღილაკი, ფეისბუქი მაშინვე იგებს რომ ჩვენ ჩვენ ვართ და არა ვიღაც სხვა მომხმარებელი.
თითქოს ეს საკმარისი არ იყო და ფეისბუქმა, რომლის მომხმარებელთა რაოდენობა უკვე 1.5 მილიარდზე მეტია, გადაიღო გუგლის ტექნიკა – ამიერიდან ის გააკონტროლებს იმ მომხმარებლებსაც, რომლებსაც ფეისბუქი საერთოდ არ აქვს, მაგრამ სტუმრობენ ისეთ საიტებს რომლებზეც რაიმე სახის ფეისბუქის კოდი დევს, მათ შორის ღილაკები ან რეკლამა. ამ მეთოდს ვრცლად Tracking სერიების მეორე ნაწილში მივუბრუნდებით, როდესაც გუგლის რეკლამების ეშმაკურ მოქმედებაზე გვექნება ლაპარაკი.
როგორ ავარიდოთ თავი facebook-ის თვალთვალს
სანამ მეთოდებზე გადავიდოდეთ, თუ თქვენ კონფიდენციალობა გაღელვებთ და არ გსურთ, ფეისბუქმა იცოდეს რომელ საიტებზე შედიხართ, მაშინ გამოიყენეთ Private Browsing. ქრომისა და ოპერას ინტერნეტ ბრაუზერებში ის იხსნება ctrl+shift+n გამოყენებით, ხოლო მოზილას firefox ბრაუზერში კი – ctrl+shift+p. ქრომი გუგლის საკუთრებაა და თვითონაა დაინტერესებული რეკლამებით, ოპერა არც ისე დიდი რეპუტაციით სარგებლობს, მელაკუდას კი თრექინგის საწინააღმდეგო ფუნქციაც აქვს, ამიტომ არ იქნება რეალობას მოკლებული თუ გირჩევთ, რომ გამოიყენოთ მელაკუდას Private Browsing.
Private Browsing-ის უპირატესობა ისაა, რომ ის არ ინახავს არანაირ ქუქიებს, ისტორიას და ასე შემდეგ. როდესაც ამ ფანჯარას დახურავთ, თქვენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იშლება. ე.ი. თუ Private Browsing-ის ფანჯარაში, ფეისბუქთან ერთად სხვა საიტს არ გახსნით, ფეისბუქს გაუჭირდება მიხვდეს, კონკრეტულად რომელ იუზერთან აქვს საქმე.
ინტერნეტში არაერთი ბრაუზერი არსებობს, რომლებზეც ამბობენ, რომ უსაფრთხოა კონფიდენციალობის კუთხით, მაგრამ ჩვენი აზრით, მათი რეკომენდირება არამიზანშეწონილია. ამის მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ისინი ნაკლებად ცნობილია, მათი სისუსტეები გამოვლენილი არ არის ნაკლები ყურადღების გამო და შესაბამისად, ქუქიების დამალვის მცდელობისას შესაძლოა სულაც ჰაკერი აღმოაჩინოთ თქვენს კომპიუტერში.
რეკლამების დიდი რაოდენობისგან თავის დასაღწევად და არა მხოლოდ ფეისბუქზე, აუცილებლად დააყენეთ შესაბამისი Add-On (plugin) თქვენს ინტერნეტ ბრაუზერზე. ამჟამად მსგავსი ტიპის ყველაზე კარგი გადაწყვეტა არის Adblock Plus. მათი საიტი: https://adblockplus.org/ დაგვერწმუნეთ, ამ დამატების დაყენების შემდეგ მნიშვნელოვნად დაისვენებთ, მათ შორის ქართულ ვებ გვერდებზეც. მაგალითად, თბილისის ფორუმიც კი უფრო ლაითი მოგეჩვენებათ, რადგან რეკლამების 80%-ის გაქრობაზე ეს ფლაგინი აიღებს პასუხისმგებლობას.
ფეისბუქს ყოველთვის საყვედურობდნენ (და ახლაც საყვედურობენ), რომ მისი მონიტორინგისგან თავის დასაღწევი იოლი გზა არ ჰქონდა შემუშავებული და ეს ბუნებრივიცაა, ხალხი ხომ უარს იტყოდა და მარტივად გამორთავდა მონიტორინგს, რითიც ფეისბუქი დიდ ფინანსურ ზარალს ნახავდა. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ძნელია ენდო ამხელა კომპანიას, თუმცა გარკვეული კონტროლის საშუალება მაინც გვაქვს.
შევდივართ ამ მისამართზე: https://www.facebook.com/settings?tab=ads და ყველაფერი ისე დააყენეთ როგორც სურათზეა:
აქ, როგორც ხედავთ ჩვენ ვართმევთ ფეისბუქს უფლებას, ჩვენი ინტერესები ეძებოს მუდმივად და ამ ინტერესების შესაბამისი რეკლამები გვიჩვენოს. ასევე ვთიშავთ მესამე პირების საიტებზე ფეისბუქის უფლებას ჩვენი ინტერესების მიხედვით ვიხილოთ რეკლამები ე.ი. ფეისბუქი აღარ მიაწოდებს მესამე პირების საიტებს ჩვენი ინტერესების შესახებ ინფორმაციას.
ამის შემდეგ შევდივართ ციფრული რეკლამების ალიანსის გვერდზე, გადავდივართ მისამართზე: http://www.aboutads.info/choices ვნიშნავთ ყველა კომპანიას და ვაჭერთ Submit your choices-ს.
აქ ის კომპანიებია, რომლებიც ხშირად არეკლამებენ სხვადასხვა პროდუქციას. ამ ხერხით ჩვენს კომპიუტერში შეიქმნება ალიანსის ქუქიები, რომლებიც ამ საიტებს ეტყვის, ჩვენზე ინფორმაცია არ მიიღონ რადგან ჩვენ მოვითხოვეთ ეს, რის შედეგადაც ჩვენი კონფიდენციალობა ოდნავ უკეთ იქნება დაცული. რადგან ქუქიები თითოეულ ბრაუზერში ცალ-ცალკე იქმნება, ამ მეთოდის გაკეთება ყველა ბრაუზერისთვის ცალ-ცალკეა საჭირო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხოლოდ 1 ბრაუზერს იყენებთ ინტერნეტ აქტივობებისთვის.
დროა აპლიკაციებსაც მივხედოთ და ვნახოთ რას ვიყენებთ. ვინაიდან აპლიკაციები ხშირად „იწვევენ მსხვერპლს“ ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ზედმეტი აპლიკაციები არ გვიყენია. გადავდივართ აპლიკაციების გვერდზე: https://www.facebook.com/settings?tab=applications და ვშლით ყველა აპლიკაციას, რომელიც არ გვჭირდება, არ ვიყენებთ, ან მითუმეტეს არ გვეცნობა. ამ კონკრეტულ მომენტში, პირადად მე ვიყენებ მხოლოდ 13 აპლიკაციას, რომელთაგან თითოეული მათგანი კარგად მეცნობა და ყველა შეგნებულად მაქვს დამატებული:
ბოლოს გადავდივართ: https://www.facebook.com/ads/preferences/ გვერდზე. ფეისბუქი გვეუბნება, რომ ჩვენი ინტერესები, ინფორმაცია ჩვენზე და სხვა მონაცემები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენთვის რეკლამების შერჩევაზე უნდა დავაყენოთ ამ გვერდიდან. მაგრამ თქვენ ნახავთ, რომ ფეისბუქს ეს საკითხი ძალიან გართულებული აქვს და ის კრიტიკა რომელიც ზემოთ ვახსენეთ, სრულიად მართებულია. ჩვენ რასაც მივხვდით, ამ გვერდზე შეგვიძლია მოვხსნათ ინტერესები (და რა თქმა უნდა სათითაოდ – ბევრი რომ ვიწვალოთ ფეისბუქისთვის ზარალის მიყენების გამო), რომლებიც საკმაოდ ბევრი იქნება. პირადად მე 50-მდე გვერდი მაქვს სულ დალაიქებული და აქ 650 ინტერესს მიჩვენებს. ფეისბუქი მაქსიმალურად ახდენს ყველა ინფორმაციის უტილიზაციას.
სულ ქვევით არის Advertisers განყოფილება, რომელიც გვიჩვენებს იმ კომპანიებს, რომელთა მომხმარებლების სიებშიც ჩვენ ვართ. ეს ის კომპანიებია, რომლებზეც ჩვენ რეგისტრაცია გავიარეთ როდისმე იმ იმეილით, რომელიც ფეისბუქზე გვაქვს მითითებული, ან შესაბამისი ნომრით ან სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემით, რომელიც ფეისბუქზე არსებული ჩვენი მონაცემის იდენტურია. ჩემთან აქ სულ 3 Advertiser-ია. მესამე, ნამდვილად არ მეცნობა, მაგრამ რადგან talent აწერია, პრობლემა არ მაქვს, იყოს.
ეს არის ის მინიმალური, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ფეისბუქის მეთვალყურეობისგან თავის დასაღწევად. არ იფიქროთ, რომ თქვენ ამის შემდეგ რეკლამებს ვეღარ ნახავთ, არანაირად. რეკლამები ისევ გამოჩნდება, მაგრამ ამჯერად მათი რაოდენობა საკმაოდ შემცირებული იქნება – ჯერ ერთი, ფეისბუქი თითოეული რეკლამისთვის მომხმარებელთა შესაბამის კატეგორიას არჩევს და ჩვენ მის არჩეულ კატეგორიებში არც ისე ხშირად შევალთ და მეორეც, ფეისბუქისთვის არც ისე მომგებიანი მომხმარებელი გავხდებით, შედეგად კი ნაკლებად შეგვაწუხებს თავისი რეკლამებით.