კავკასუს ონლაინის გაყიდვასა და საქართველოში ინტერნეტ ბაზრის ახალ გადანაწილებაზე საუბარი 2015 წლის აგვისტოში გამძაფრდა, როდესაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომპანიის შესყიდვაზე განაცხადი სილქნეტმა და მაგთიკომმა შეიტანეს. 3 თვის შემდეგ სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის მოტივით კავკასუსის სილქნეტთან შერწყმა ჩაიშალა. მოლაპარაკებები გაგრძელდა კომპანია მაგთიკომთან და კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ, შესყიდვის ნებართვაც გასცა. ჩანდა, რომ სწორედ მაგთიკომი გახდებოდა ქართული ინტერნეტ-ბაზრის დაახლოებით 50%-ის, მაუწყებლობის ტრანზიტის 60%-ისა და ფიქსირებული კავშირგაბმულობის 40%-ის მფლობელი. მაგრამ ნოემბერში კავკასუსის ინტერნეტით რუსული კომპანია ვიმპელკომი, იგივე მობიტელი (ბილაინი) დაინტერესდა და შესაბამისი განცხადებაც შეიტანა კომისიაში. ვიმპელკომის მიერ კავკასუსის შესყიდვის განხილვის ზეპირის მოსმენა, რომელიც საჯაროა, 2016 წლის 9 თებერვალსაა დანიშნული.
ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინტერნეტ-ბაზარზე წარმოდგენილი პროვაიდერები და მათ მიერ სერვისების გადანაწილება ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა, რადგანაც ეს დაკავშირებულია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების, ისე მოქალაქეთა პრივატულობის საკითხებთან. პროვაიდერს შეუძლია გააანალიზოს ინტერნეტ და სატელეფონო კავშირები, გაარკვიოს რა ინფორმაციას მოიხმარს ესა თუ ის აბონენტი, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურები.
გარდა ინტერნეტ-ბაზრის სერიოზული წილისა, კავკასუს ონლაინი ფლობს შავი ზღვის ფსკერზე გამავალ მაღალი გამტარუნარიანობის მქონე 1,200კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს. პირდაპირ ევროპიდან ინტერნეტს ამ კავშირით არა მხოლოდ ქართველი, არამედ სომეხი და აზერბაიჯანელი მომხმარებლებიც იღებენ. „კავკასუს ონლაინი“ საქართველოში ინტერნეტის მიწოდების 55, სომხეთში – 85, ხოლო აზერბაიჯანში 50%-ს უზრუნველყოფს. ამ კაბელით რუსული და თურქული (შესაბამისად „როსტელკომი“ და „თურქტელკომი“) ჯერ კიდევ 2007 წლიდან იყვნენ დაინტერესებული, როდესაც მისი გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ფოთი-ვარნას ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის ვიმპელკომისთვის მიყიდვაზე არ არის საუბარი. კავკასუს ონლაინი აპირებს გაყიდოს ინტერნეტ ტელევიზიის, VoIP და საცალო ინტერნეტ მომსახურების სეგმენტები, ხოლო ოპტოკურ-ბოჭკოვანი კაბელის ოპერირება თავად გააგრძელოს.
ფოთი-ვარნას ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გარდა საქართველოს ინტერნეტი მოეწოდება შავ ზღვაში არსებული მეორე კაბელით, რომელიც რუსეთიდან მოდის. ეს კაბელი შედარებით ნაკლები გამტარუნარიანობის მქონეა. ამას გარდა, ინტერნეტ კავშირის მცირე ნაწილს საქართველო იღებს თურქეთიდანაც.
საქართველოში საერთო ჯამში 150-მდე ინტერნეტ პროვაიდერია, თუმცა ინტერნეტ მიწოდების 90% შემდეგი მსხვილი კომპანიების ხელშია თავმოყრილი: სილქნეტი, კავკასუს ონლაინი, ჯეოსელი, მაგთიკომი, ბილაინი, ახალი ქსელები/ახტელი, ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია-სიჯისი და მაქსიმალი. ამ კომპანიების საერთო შემოსავალმა 2014 წელს 1.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის დროს, საქართველო გახდა კიბერ შეტევების მსხვერპლი, რომელთა მოსაგერიებლად საქართველო მოუმზადებელი იყო. 2012 წელს აღმოჩნდა, რომ სამთავრობო უწყებების კომპიუტერებიდან ინფომაციას რამდენიმე წლის განმავლობაში ინფორმაციას იპარავდა Georbot მავნე პროგრამა. 2015 წელს კი ცნობილი გახდა, რომ ისევ სამთავრობო ორგანიზაციების ქსელებიდან ინფორმაციას იპარავდა APT28. სამივე შემთხვევაში შეტევები ირიბად რუსულ კიბერ დანაშაულებრივ ჯგუფებს უკავშირდება.
სწორედ ამიტომ, ვიმპელკომის ინტერნეტ ბაზარზე შემოსვლას მრავალი ადამიანი ყურადღებით და შეიძლება ითქვას, ეჭვის თვალითაც, აკვირდება. თუმცა თავის დროზე, მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე ბილაინის შემოსვლისას, ამ სფეროში კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და მომხმარებლებისთვის პროცესების გაუმჯობესებას ვარაუდობდნენ და რეალურად ასეც მოხდა.