როგორ დავიცვათ ჩვენი Facebook ჰაკერებისგან? გთავაზობთ 5 ნაბიჯს ფეისბუქის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად:
1. ძლიერი პაროლი
თქვენი პაროლი უნდა იყოს ძლიერი და რთულად გამოსაცნობი, რაც იმას ნიშნავს, რომ პაროლი სასურველია შეიცავდეს არანაკლებ 12 სიმბოლოს: მაღალი და დაბალი რეგისტრის ასოებს (Aa), ასევე ციფრებს და უმჯობესი იქნება დამატებით სიმბოლოებსაც ( @#$%^& ) თუ გამოიყენებთ. ამასთან პაროლი არ უნდა იყოს ადვილად გამოსაცნობი: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ თქვენი დაბადების თარიღი, სახელი და სხვა მსგავსი ადვილად მისახვედრი მონაცემები. თქვენი facebook პაროლი განსხვავებული უნდა იყოს თქვენი სხვა პაროლებისგან, მათ შორის მეილზე დაყენებული პაროლისგან. ეს დაგიცავთ თქვენი facebook-ის გატეხვისგან, თუ როგორღაც ჰაკერი მოახერხებს და გაიგებს თქვენს სხვა პაროლს (მაგ. იმეილისას).
2. ორნაბიჯიანი აუთენთიფიკაცია
დააყენეთ პროფილის ტელეფონით დაცვის ფუნქცია: გააქტიურეთ Login Approvals.
თუ ტელეფონის ნომერი არ გაქვთ გააქტიურებული, გააქტიურეთ ის შემდეგნაირად: Settings >> Mobile >> Add a Phone და მიჰყევით ინსტრუქციას.
Login Approvals-ის ჩასართავად გადადით: Settings >> Security, დააჭირეთ Login Approvals, მონიშნეთ და მიჰყევით ინსტრუქციას.
თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, facebook-ზე პაროლის აკრეფის შემდეგ მოგთხოვთ ხოლმე კოდს, რომელიც SMS-ის სახით ტელეფონზე მოგივათ (ბრაუზერი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, რათა კოდის მხოლოდ ერთხელ შეყვანა დაგჭირდეთ), შესაბამისად ჰაკერმა თქვენი პაროლი რომც გაიგოს, თქვენი ტელეფონის ნომრის გარეშე ექაუნთზე წვდომას მაინც ვერ შეძლებს.
ამასთანავე, შეგიძლიათ ჩართოთ თქვენს პროფილში არაავტორიზებული შესვლილ მცდელობისას შეტყობინებების მიღების ფუნქციაც. ამისთვის გადადით: Settings >> Security, Login Alerts და მონიშნეთ Get Notifications და Email Login Alerts to your@mail.com.
3. თავი დაიცავით ფიშინგისგან (phishing)
Facebook ფიშერ საიტი, ეს არის ფეისბუქის კლონი, რომელიც ვიზუალურად გამოიყურება როგორც რეალური საიტი, მაგრამ სხვა მისამართი აქვს. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, დაწყებული faceb00k.com-დან და დამთავრებული atami.esy.es-ით. როდესაც ლინკზე დაჭერისას გაიხსნება facebook-ზე დალოგინების ფანჯარა, ყოველთვის დააკვირდით რა წერია მისამართების ველში და არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანოთ თქვენი მონაცემები თუ ის არ ემთხვევა – facebook.com-ს.
ბოლო დროს გავრცელდა სურათის დალაიქების თხოვნა, რა დროსაც გადადიხართ რომელიღაც საიტზე, აჭერთ რაღაც ლინკს და გიგდებთ facebook-ზე დალოგინების ფანჯარას, რაც რეალურად ფიშერია. დაუკვირდით მისამართების ველს და არ შეიყვანოთ თქვენი ნამდვილი მონაცემები.
4. გათიშეთ ძველი აქტიური სესიები
ყოველ ჯერზე როდესაც თქვენ შედიხართ თქვენს პროფილში, facebook ხსნის სესიას და თუ თქვენ უბრალოდ დახურეთ ფანჯარა, სესია გარკვეული პერიოდით აქტიური რჩება. შესაბამისად, თუ თქვენ თქვენს პროფილს სტუმრობთ თქვენი სახლის გარეთ არსებული ინტერნეტის მეშვეობით (მეგობრის სახლი, კაფე, უნივერსიტეტი…), შეიძლება ამ კომპიუტერებზე დაგრჩეთ აქტიური სესია, რაც სხვა იუზერებს საშუალებას მისცემს თქვენს ფეისბუქზე შევიდნენ.
პირველ რიგში, ყოველთვის გამოდით ფეისბუქიდან Log Out-ით:
ასევე შესაძლებელია შეხვიდეთ ფეისბუქზე თქვენს პროფილში და გათიშოთ სხვა კომპიუტერზე ჩარჩენილი აქტიური სესიები. ამისთვის, გადადით: Settings >> Security და მიაჭირეთ „Where You’re Logged In“-ს. თქვენ დაინახავთ ძველ სესიებს. გათიშეთ ყველა რაც არ გჭირდებათ “End Activity”-ზე დაჭერით.
5. მოერიდეთ SPAM ლინკებსა და Extension-ებს.
თქვენ ალბათ გინახავთ, ეროტიკული თუ სხვა ტიპის ყურადღების მისაქცევი ლინკები, რომლებიც თქვენს თაიმლაინზე ჩნდება, თქვენი მეგობარი კი ამბობს რომ ეს მას არ გაუკეთებია. ასეთ ლინკებს არავითარ შემთხვევაში არ დააკლიკოთ, თორემ თქვენი მეგობარივით თქვენც თავის მართლება მოგიწევთ.
რაც შეეხება ექსთენშენებს, ისინი ძირითადად თქვენი მეგობრების ჯგუფებში ავტომატურად დამატებისთვის გამოიყენება, რაც ძალიან მომაბეზრებელია და არ არის გამორიცხული მეგობრებმა მარტო ამის გამო წაგშალონ. ამიტომაც ყურადღებით იყავით და როდესაც რომელიმე საიტი უცებ ამოგიგდებთ ექსთენშენის დაყენების ფანჯარას, არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ ADD-ს.
ავტორი – მიხეილ ნინუა