ამაზონმა 2-დონიანი აუთენთიფიკაცია გაააქტიურა

ჰაკერების თავდასხმებისგან მომხმარებელთა უკეთესად დასაცავად, ონლაინ შოპინგის კომპანია Amazon-მა მრავალდონიანი აუთენთიფიკაცია გაააქტიურა. ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ ერთჯერადი კოდი ტელეფონზე SMS-ის სახით, ავტომატური ზარის მეშვეობით ან გამოიყენონ Google Authenticator აპლიკაცია სმარტფონზე.

მრავალდონიანი (ორსაფეხურიანი) აუთენთიფიკაცია მდგომარეობს შემდეგში: როდესაც შედიხართ თქვენს ექაუნთში, იუზერნეიმისა და პაროლის ჩაწერის შემდეგ, უნდა შეიყვანოთ დამატებითი ერთჯერადი კოდი. ეს კოდი, როგორც აღვნიშნეთ, მოგდით SMS-ით, ავტომატური სატელეფონო ზარით ან კონდს გიგენერირებთ Authenticator აპლიკაცია სმარტფონზე. სამივე შემთხვევაში, დამატებითი კოდის მიღება, ტელეფონის ფიზიკურ ფლობასთანაა დაკავშირებული. ვინაიდან ძნელად წარმოსადგენია ჰაკერებმა თქვენი ტელეფონი მოიპოვონ, ამ მეთოდით თქვენ, საუკეთესოდ ხართ დაცული.

amazon2fa-3-580x635

ამ მეთოდს აქვს დივაისების დამახსოვრების (“remember”) ფუნქცია, რათა თქვენი კომპიუტერიდან თუ მობილურიდან ავტორიზაციისას არ გიწევდეთ ყოველ ჯერზე ახალი კოდის მიღება/ჩაწერა. თქვენი არჩევანით შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფუნქცია, ან უარი თქვათ მის გამოყენებაზე დამატებითი უსაფრთხოების სახით.

მრავალდონიანი ავტორიზაციის ჩასართავად მიჰყევით ინსტრუქციას:

1) შედით თქვენს ექაუნთში.

2) მიიყვანეთ მაუსი „Your Account“ -ზე. ჩამოიშლება მენიუ სადაც დააკლიკავთ პირველივე ელემენტს, რომელსაც ასევე აწერია „Your Account“.

3) გაიხსნება ახალი გვერდი. ჩამოდით ცოტა ქვემოთ, მონახეთ „Account Settings“ განყოფილება და აირჩიეთ „Change Account Settings“.

amazon

4) „Advanced Security Settings“ გასწვრივ მიაჭირეთ “Edit”-ს, შემდეგ “Get Started” და შეიყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოგივათ კოდი. დააჭირეთ “Send Code”-ს.

5) მიღებული კოდი ჩაწერეთ შესაბამის ველში და დააკლიკეთ „Verify Code and Continue”-ს.

6) თქვენ გადახვედით მეორე საფეხურზე, სადაც უნდა აირჩიოთ დამატებითი მეთოდი (Backup Method) იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე მიზეზით (მაგალითად ტელეფონის დაკარგვა) პირველ მეთოდზე ხელი არ მიგიწვდებათ. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა ტელეფონის ნომერი ან Authenticator App.

7) თქვენ გადახვალთ მესამე საფეხურზე, სადაც უბრალოდ ახსნილია როგორ მუშაობს მრავალდონიანი ავტორიზაცია.

გამოყავით რამდენიმე წუთი თქვენივე უსაფრთხოებისთვის და გაააქტიურეთ 2-დონიანი აუთენთიფიკაცია. უსაფრთხო შოპინგს გისურვებთ.

ავტორი: მიხეილ ნინუა

მომზადებულია krebsonsecurity.com-ის მასალებზე დაყრდნობით.